მოვდივარ. ფეხით მოვყვები მტვრიან შარაგზას ამ ზაფხულის ხვატში. ვფიქრობდი სადღაც მიყრუებულ სოფელში უნდა ვყოფილიყავი მაგრამ გზაზე წარწერას ვამჩნებ „თბილისი“. გამოდის თბილისში მივდივარ.
გარშემო ყველაფერი ძველი, გაცრეცილი ფოტოსურათივით არის. მგონი სადღაც ფონიჭალა ორთაჭალას შორის ვარ.საკმაოდ დავიღალე. ჰაერიც კი აღარ მოძრაოს, თანდათან უფრო და უფრო ჩამოცხა და გარშემო კაციშცილის ჭაჭანება არ არის. მხოლოდ ჭრიჭინების გამაყრუებელი ხმაური და პეპლები, საცოდავი, ფრთებგახუნებული პეპლები. იმდენად გახუნებული ფრთები აქვთ რომ მათი მთლიანობა დარღვეულია და ალაგ-ალაგ დახეულია. თვალს ვაყოლებ. დუნედ მოძრაობენ და ყვავილებთან მისვლაც კი ეზარებათ.
გზაზე ტრანსპორტი არ მოძრაობს, ამიტომ შუა გზაზე დავდივარ და ვფიქრობ რომელიმე შემხვედრ ტრანსპორტს გავყვე.ნელნელა ჩემს გარშემო იცვლება ფერები, ყვავილები ფერადოვნები ხდებიან და sepia-ს ეფექტი ქრება მცენარეებზე. გზა ისევ ისეთი ძველი რჩება, უასფალტო, ქვიანი და მტვრიანი.
ვცდილობ თავი რამეთი გავირთო მოწყენილობისაგან რომ არ მოვკვდე და ყვავილების კრეფას ვიწყებ. ყვითელი ყვავილების საკმაოდ დიდი თაიგული შევკარი. მინდა რამე სხვა ფერებიც გავურიო და ვერ მომიფიქრებია რომელი. მხარს ვუქცევ უზარმაზარ გვირილების ბუჩქს. ვფიქრობ ეს სამკურნალოა და იყოს თაიგულში მაინც არ გამომადგებათქო. სამაგიეროდ გზის მეორე მხარეს სხვა ფერებს ვხედავ და იქით გადავრბივარ.
ძალიან უხდება ჩემს თაიგულს. გზაზე თეთრი ფერის მარშუტკა გამოჩნდა. მოდის და მის უკან გზაზე საოცარი მტვერი რჩება. თაიგულს ვიქნევ, რომ შემამჩნიოს. მარშუტკა ზუსტად ჩემს ფეხებთან ჩერდება და მე გახარებული ვცდილობ ავიდე მიუხედავად იმისა რომ ასასვლელი საკმაოდ მაღალზეა. როგორ იქნა ავედი და მეორე პრობლემა, სკამები საერთოდ არ არის და ბენზინის ისეთი სუნი დგას, ბავშვობაში სოფელში წასვლისას ავტობუსიდან ჩამოსვლას რომ მაიძულებდა . თავი ხელში ამყავს, რომ არ გადავხტე და ფეხზე ვრჩები. მარშუტკა თბილისში შედის და რაღაც ორღობეში მწვანე დიდი ჭიშკარის წინ ჩერდება. ჩამოვდივარ, ორივე ხელით ვაწვები ჭიშკარს.
ამას ნამდვილად არ მოველოდი. მეორე მხარეს დგას პატარა გოგონა, მხიარული მოცინარი სახით მიყურებს, მერე ტრიალდება და გარბის. ასკინკილას თამაშით დარბის გარშემო. თეთრი კანი აქვს და შავი მთლიანი საცურაო კოსტუმი (კუპალნიკი) აცვია, ფეხზეც შავი უქუსლო ფეხსაცმელები. მე გაოცებული და პირდაღებული ვუყურებ თავზე…
მის თავზე უზარმაზარი გველია დაგრაგნილი, ვფიქრობ პითონი უნდა იყოს, გორგლებად არის და ჩალმასავით აქვს თავზე დადებული, საკმაოდ მსხვილია და ალბათ ამ გოგოზე რამოდენიმეჯერ გრძელიც იქნება, კოპლებიანი ტანი აქვს, თავი პირდაპირ გოგონას შუბლზე აქვს ჩამოდებული და სძინავს. გაოცებული და შეშინებული ვუყურებ, ყელში ხმა მეჩხირება და დაყვირებასაც ვერ ვახერხებ. მინდა მივეხმარო მაგრამ მეშინია, მინდა გავიქცე მაგრამ ფეხს ვერ ვდგავ. მე შოკიდან გამოსვლას ვერ ვასწრებ, რომ გველი იღვიძებს, თავს იღებს და თვალებში მიყურებს. გრძნობები, განცდები, მოგონებები ყველაფერი ერთმენეთში ირევა… უკან ისევ მტვრიან გზაზე ვარ თაიგულით ხელში და მიახარია სამსახურში დაგვიანება.









































